უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, რომელსაც განსაკუთრებით ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებამდე, არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სიძულვილის, ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში.

„ქვეყნის ასარევად იყენებენ სწორედ ამ ინსტრუმენტს – შუღლის, სიძულვილის შემოტანას, რათა შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.  ამიტომ სიძულვილის და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის, მხოლოდ ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით ამ მეთოდს იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთზე წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიურად, თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ზიზღის ენა ბრიუსელიდან არის წაქეზებული და საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებს უნდა დაუბრუნდეს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ვხედავთ, სადამდეც მივყავართ ბრიუსელის ფასეულობებს, რადგან ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩია ამაში ჩართული საქართველოში, ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენაში არიან ჩართული, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. თუ დააკვირდებით, განსაკუთრებით სოცმედიას, ყველას, ვინც კი ზიზღს სთესს სოცმედიაში, მაგალითად, იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეები, ერთი და იმავე სახელებია – ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი, ისინი არიან, ვინც საზოგადოებაში ზიზღის დათესვას ცდილობენ. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ჩანს, რომ ბრიუსელის ღირებულებები არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი. ამიტომ, ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ, სხვებისგან თავს მოხვეულ ზიზღს, დაპირისპირებას და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.