გერმანიის მთავრობამ საქართველოში შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და ამას უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს, განსაცვიფრებელია, განსაცვიფრებელი ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ. ჩვენთან ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდნენ ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. იტყოდნენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო კითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს. იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, როცა საუბრობენ გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, მხოლოდ სხვებს გვგულისხმობენ, საკუთარ თავს ამ ვალდებულებას, როგორც ჩანს, არ აკისრებენ. აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია, რის საფუძველზეც უმალავს  მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას. მიზეზად მოყვანილია, თითქოს საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან.

აბსოლუტური აბსურდია და ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის მოცემული. საარჩევნო წელს, 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე“ და რა გააკეთეს ქართველმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მცდელობა, პარლამენტზე შტურმი.

სწორედ ამაში, ამგვარ „ენჯეოებზე“ შარშან გერმანიის მთავრობამ რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასევე, საუბარი იყო, თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს, რადგან მითითება აქვთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რაც არის მანიპულაცია. გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა ეს ეხება უპირველეს ყოვლისა გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას. გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომელიც თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან. ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არა მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, რადგან ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, მათ შორის ერთ-ერთ მაგალითი არის ზუსტად ეს. როცა საქართველოში გერმანიის მთავრობამ შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.