საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საყოველთაო ნათლობას დაესწრო.
ნათლობის საიდუმლო უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
შალვა პაპუაშვილმა, საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, საყოველთაო ნათლობაზე შეკრებილებს მიმართა და დღევანდელი დღე ახალმონათლულებს მიულოცა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა.
მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ ვინც დღეს ეკლესიის წევრები გახდით და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ეს ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი.
სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღვნიშნავთ, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის - 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან წელს კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე.
მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს - თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ ასევე კუთვნილებაც. თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო. ამიტომ, მინდა ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საეკლესიო მსახურებას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
საყოველთაო ნათლობამდე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ აღავლინა.
ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.