ჩვენ ვიცით, რა არის ამ შეკრების მიზანი. თვითონაც თქვეს საჯაროდ, წამოცდათ, რომ მიზანია, გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ, აჩვენონ, რომ საკმარისი რაოდენობა არიან და მათ დაკვეთას ასრულებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 მაისისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მეორე მხრივ, „ვხედავთ, ვინ არის ჯგუფი ადამიანებისა, თანამოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან“.
„მეორე მხრივ, ვიცით, რას ნიშნავს ეს რეალურად. უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანებისა, მოქალაქეები, რომლებიც 4 ოქტომბერსაც ვიხილეთ, გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს. ამ ხალხს, 4 ოქტომბრის „გადამტრიალებლებს“, ვხედავთ ყველგან, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ქართული, საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ. ეს ხალხი ვერ ვნახეთ ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნისას. ანუ, არის ქვეყანა, საზოგადოება, მისი ისტორიული გზა, განვითარება, მომავალი ხედვა და გვყავს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს უცხო ქვეყნის ელჩებთან, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან. ისინი კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს საკუთარ ქვეყანაში, ეკლესიებში, რეგიონში საკუთარ ხალხთან ერთად.
ამ მხრივ ეს კარგი პროცესია, რადგან სახეებითა და სახელებით ვხედავთ, ვინ არის ჯგუფი ადამიანებისა, ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან. არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ზოგი ექიმია, ზოგი ლექტორი, ზოგი ვინ და ზოგი ვინ არის. მათ აქვთ სურვილი, საქართველოს განვითარება დაუქვემდებარონ სხვათა ინტერესებს, რათა სხვისი ტაში დაიმსახურონ. ტაში უნდა დაუკრას ევროპარლამენტარმა, რომელიმე ელჩმა ჩაიხუტოს, რომელიმე ევროპის დღეზე მიიწვიონ და ხელი ჩამოართვან, სურათი გადაიღონ. მათი პიროვნული მიღწევის კულმინაცია არის ეს და არა საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, პირიქით, მივესალმები, რაც შეიძლება გამოკვეთილად ჩანდეს, სად დგას ქართველი ხალხი და სად დგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებიც სხვის დროშას აფრიალებენ, სხვის ჰიმნს მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და უკვე ქართულისგან ყველაფრისგან იცლებიან. ქართველი ხალხი დგას 26 მაისს თავისი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.