„შეგახსენებთ უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ორგანიზაციების განცხადებებს, ისინი პარლამენტს უწოდებენ არალეგიტიმურს. მშვიდად იყვნენ, პარლამენტი თუ არალეგიტიმურია, რატომ ნერვიულობენ საერთოდ? არანაირი მესამე სექტორი ამ სახით არ არსებობს, მათ მითვისებული აქვთ ეს სახელდებები. სინამდვილეში, ესენი არიან უცხოური ორგანიზაციების, ქვეყნების მიერ დაქირავებული პირები და ორგანიზაციები. მათი ერთადერთი მიზანია უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება საქართველოში." – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ამ ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, სამოქალაქო ვალდებულებაც კი არ შეასრულეს, რადგან არიან რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედებენ უცხო ქვეყნების, მათ შორის, სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად. ესენი არიან უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ორგანიზაციები, რათა საქართველოში მათი ინტერესები გატარონ. სხვადასხვა უცხოური ჯგუფის ინტერესი რაც იყო, ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც, პრეზიდენტის სასახლის შტურმის პარალელურად, შტურმის მხარდამჭერ განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენლები. ასე რომ, გადატრიალება სულჩადგმული, ორგანიზებული, მხარდაჭერილი იყო გარედან და მათი ინტერესების, დავალებების შემსრულებლები არიან ეს ორგანიზაციები.

საკითხი არის მარტივი, ყველამ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას: უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება 20 ადამიანს, გადაკეტოს ქუჩები და ხელი შეუშალოს მილიონნახევრიან ქალაქს? არა. მოქმედი კანონმდებლობა თუ არ არის საკმარისი ამის პრევენციისთვის, პარლამენტი ყოველთვის მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა კანონმდებლობამ  მსგავსი მოქმედების პრევენცია შეძლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.