საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპელებისგან დღემდე არ მოუსმენიათ დაგმობა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმთან დაკავშირებით.

"რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? სხვა შემთხვევაში, ჩიტმა რომ ცუდად გადაიფრინოს საქართველოში, ყველაფერზე კომენტარი აქვთ. რატომ არ გმობენ, რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? ევროკავშირის ელჩი როცა შეგხვდებათ, ჰკითხეთ, შარშან არჩევნების წინ ჩვენი პარტიის საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა ევროკავშირის ელჩს?

რატომ არ გმობენ წელს იმ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, რომელსაც ისინი აბარებენ რწმუნებათა სიგელს და რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში, ამ სასახლის ძალადობრივ შტურმს იმ ჯგუფების მიერ, რომელიც მათი მხარდაჭერილი ჯგუფებია – „ენჯეოები“ და ოპოზიცია, რომელ შეკრებასაც მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. დღეს ყველა რომ დაიმალა და კრინტი რომ არ გვესმის მათგან, რატომ არ გმობენ ამ ყველაფერს?

პრეზიდენტის სასახლის შტურმი დემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასეს? ვიდრე ნებისმიერი ევროპელისგან არ მოვისმენთ მკაფიო დაგმობას ხელისუფლების დამხობის მცდელობისა, ვიდრე თითოეული ადამიანისგან, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში, არ მოვისმენთ დაგმობას და გამიჯვნას 4 ოქტომბრის წინასწარ დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალებისგან, მანამდე ერთი პრეტენზიაც კი არ მიიღება მათგან. ნებისმიერ მათ პრეტენზიას ავაფარებთ მათ გამაყრუებელ დუმილს 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით.

მხილება იმისა, რომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს, მხარს უჭერდნენ წინასწარ გაცხადებულ ხელისუფლების დამხობის სცენარს. კიდევ ერთხელ ჩახედეთ არქივში, ყველას ვაძლევ პირობას, რომ არავის არ მოვასვენებ ამ თემით, ჩახედეთ 4 ოქტომბერს, საღამოს „იქსზე“, „ტვიტერზე“ დადებულ განცხადებებს – რასა იუკნევიჩიენე, მოლდოვის პრეზიდენტი, ჟიგიმანტას პავილიონისი, ევროპარლამენტარები, ლეგიონია მათი სახელი, რომლებიც დამხობის, მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების პარალელურად, აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ა.შ. ქართველ ხალხს ეძახდნენ და როგორც კი ჩაიშალა, ჩაიფუშა ეს დამხობა, გაჩუმდა ყველა, ხმას და კრინტს აღარ ძრავენ არაფერზე. ასე რომ, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. 4 ოქტომბერს მტვიტავი საზოგადოება, ვინც იყო უცხოეთიდან და მხარს უჭერდა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმს, ყველა, რა თქმა უნდა, იზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც საქართველოში მოხდა. დღემდე არ მოუკითხიათ ამ ხმამაღლა მოსაუბრე ელჩებს ის ორი პოლიციელი, რომელიც მძიმედ დაშავდა და 23 პოლიციელი, რომელიც დაშავდა ამ შტურმის შედეგად.

დღემდე არ მოუკითხიათ, როგორ არიან ისინი. უნდა ლოცულობდნენ, რომ ჯანმრთელად და კარგად გადაურჩნენ ამ ყველაფერს, რადგან ზუსტად მათი წახალისებული ჯგუფები იდგნენ იქ, რომლებიც უტევდნენ პრეზიდენტის სასახლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.