მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თელავის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "აგარანის მამულის" ადმინისტრაციამ. 

"როგორც კი ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან.
შიდა მოკვლევის შედეგად გვსურს განვმარტოთ ორი მნიშვნელოვანი გარემოება:

Agarani Estate-ის არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის შესახებ ინფორმაცია სხვა სტუმრისთვის.
Agarani Estate-ის არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობაა და ეს პრინციპები ჩვენი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ჩვენ სრულ პატივს ვცემთ ამ პროცესს და მისი დასრულებამდე კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ.

სამწუხაროდ, ინციდენტის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია და ცრუ ბრალდება, რომელიც ეხება ჩვენს სასტუმროს, ჩვენს თანამშრომლებსა და მფლობელებს. მოვუწოდებთ ყველას, დაეყრდნონ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს და არა ვარაუდებსა თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას, სანამ უფლებამოსილი ორგანოები საქმის ყველა გარემოებას სრულად არ დაადგენენ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.