კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ლიგის მიმართ პროტესტი შეწყვიტა და მზად არის, შაბათს გასამართ „ალ ფატეჰისა“ და „ალ-ნასრის“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი „ალ ნასრის“ რიგებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში თამაშზე უარს ამბობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ჩემპიონატის მესვეურები მის გუნდს შეგნებულად ჩაგრავდნენ. ის უკმაყოფილო იყო „ალ-ნასრის“ უშუალო კონკურენტში, „ალ-ჰილალში“ კარიმ ბენზემას ტრანსფერით. რონალდოს აზრით, საუდის არაბეთის ფონდი, რომლის მფლობელობაშიც ექვსი კლუბია, „ალ-ნასრის“ გასაძლიერებლად ცოტას ხარჯავს.
41 წლის ფეხბურთელი ასევე უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ მასთან დაახლოებულ კლუბის თანამშრომლებს ანაზღაურებას არ უხდიდნენ. გამოცემის ცნობით, ამჟამად ყველა პრობლემა მოგვარებულია, რონალდომ ვარჯიში განაახლა და მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი „ალ-ნასრის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 18 გოლია, ხოლო გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება „ალ-ჰილალს“.