ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროგრამის დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს. ადგილობრივებმა კი პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი. საჭიროების მიხედვით კი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზების, სატრანსპორტო მოსაცდელების, გარე განათებების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, ამბულატორიის, სკვერების, სპორტული მოედნების და საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, სხვადასხვა ადგილების შესაბამისი მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.