პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომში სამშვიდობო რესურსის არ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
სუბარის თქმით, ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო რესურსის არ გამოყენება, იყო ძალიან დამაზიანებელი მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი.
„სანამ კონკრეტულ სათქმელზე გადავალ, უნდა მოვახდინო ირაკლი წერეთლის ციტირება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ღალატის უმხილებლობა და დაუგმობლობა იგივე ღალატია“! ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს რა დანაშაულები იქნა ჩადენილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, 2008 წლის აგვისტოში. რამდენიმეს ჩამოვთვლი:
გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და არაერთი სხვა, უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში;
სხვათა შორის, ეს არ უარუყვია არც გენერალ ზაზა გოგავას;
გენერალმა გოგავამ თქვა, რომ - კატასტროფა იყო შოთა უტიაშვილის მიერ რუკებისა და ჯარის განლაგების, პოზიციების და მიმართულების პირდაპირ ეთერში ჩვენება, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და ესეც იყო სამოქალაქო პირების ჩარევის ნათელი მაგალითი;
ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო რესურსის არ გამოყენება, თემურ იაკობაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები - „არანაირი ესკაკა და სხვა საერთაშორისო ფორმატები აღარ იმუშავებსო“, იყო ძალიან დამაზიანებელი მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი,“- განაცხადა სუბარმა.