საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი
მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ. ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ.


ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.