თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.