თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა.
სპექტაკლს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.
„ვულოცავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2026 წლის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის წარმატებას. სასიხარულოა, რომ ფესტივალმა მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ქართველი საბალეტო არტისტები კიდევ ერთხელ გააერთიანა. ფესტივალს სახელგანთქმული პინა ბაუშის დასი დახურავს. ასეთი ღონისძიებები აძლიერებს თბილისის, როგორც კულტურული ცენტრის მნიშვნელობას და კიდევ უფრო ზრდის საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრის სამხატვრო და აღმასრულებელ დირექტორს, დანიელ ზიკჰაუსს, სპექტაკლის წარმატებით ჩატარება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.
საკულტო დადგმის „მაზურკა ფოგოს“ რეჟისურა და ქორეოგრაფია თავად ლეგენდარულ პინა ბაუშს ეკუთვნის. წარმოდგენა 1998 წლის ლისაბონის მსოფლიო გამოფენის (EXPO 98) და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. დადგმის სცენოგრაფიაზე პიტერ პაბსტმა იზრუნა, კოსტიუმების მხატვრობა მარიონ ციტოს ეკუთვნის, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე ანდრეას აიზენშნაიდერმა და მათიას ბურკერტმა იმუშავეს.
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, 19 ივლისს, პინა ბაუშის ამავე დადგმით დაიხურება.
ფესტივალი 2017 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაფუძნდა. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. წელს ფესტივალი მეშვიდედ იმართება. ფესტივალში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და სახელგანთქმული საბალეტო დასები მონაწილეობენ.