თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თითქოსდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულისგან ეტაპობრივად მიიღო 83 000 ლარი, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა და დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.