MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად წარუდგინა.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 200 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.