თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა.
გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმეზე გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.
როგორც გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განაცხადა სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გირაოს თანხა გადაიხადოს.
„მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ პატიმრობა არ ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარიდან ჩართული იყვნენ ამ საქმეში და 24 საათის განმავლობაში აშუქებდნენ საქმეზე მიმდინარე მოვლენებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბრალდების მხარესაც, რადგან გაიზიარა საზოგადოების აზრი და თავიდანვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.