ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს მდინარე თელავის ხევის კალაპოტის გაწმენდა.
სტიქიის დროს ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან სრულად არის გაწმენდილი სეხნიაშვილისა და კავკასიონის ქუჩები.
ასევე, აღდგენილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება.

"სტიქიური მოვლენის ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - თელვისხევის სათავე ნაგებობაზე და სოფლების - გულგულისა და ვარდისუბნის მიმართულებით კეთდება ნაპირდამცავი გაბიონები, რათა 2 კმ-იან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეექმნას საფრთხე სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს.

ასევე ცოცხალი ძალა ჩართულია და გრძელდება დატბორილი კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების გაწმენდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვა გვაქვს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - წინანდალი, კისისხევი და ვარდისუბანი.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები სათავე ნაგებობებზე, რათა მოწესრიგდეს სტიქიის დროს მიყენებული ზიანი და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება ზემოაღნიშნულ სოფლებში.

ქალაქ თელავში ვარდოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სამხარაულის საექსპერტო ბიურო, მოხდა პირველადი შესწავლა და როგორც კი, მზად იქნება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დასკვნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეცნობება კომერციული ობიექტების მეპატრონეებსა და საზოგადოებას"- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.