თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ჩაერთნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები, ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი.
მათივე ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ქალაქის ქუჩები, სკვერები, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„თელავში სტიქიის მეორე დღეს მძიმე ტექნიკის მუშაოების პარალელურად მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მოხალისე ჯგუფების სახით.
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.