თელავში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ ქვაფენილის საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ტენდერის გამოცხადება, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. 

,,მიმდინარე წელს თელავში იგეგმება ცენტრალური მოედნის  ქავფენილის რეაბილიტაცია. 
ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, რეაბილიტაცია უტარდება ათზე მეტ ქუჩას. 
მათ შორის, მიმდინარეობს თამარის ქუჩის ქვედა მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილის (სასტუმრო ზუზუმბოდან კოლეჯ ,,პრესტიჟამდე,,) მოასფალტების სამუშაოები. ასევე გიორგი ჩუბინაშვილის, ივანე ბერიტაშვილის, ფორე მოსულიშვილის ქუჩების და ია ეკალაძის ქუჩის 1-ელი და მე-2 ნაწილების,  ნოდარ დუმბაძისა და 300 არაგველის ქუჩების დამაკავშირებელი გზის, დავით კლდიაშვილის, ლევან ბუიშვილის, იოანე ბატონიშვილის და ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.” - განუცხადეს ,,აიპრესს,, მერიაში. 

უწყებაში განმარტავენ, რომ წელსვე  დაგეგმილია წინანდლისა და იოსებ გრიშაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაც. 

ცნობისათვის, 2026 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას  საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბიუჯეტში 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული.