ვანდალური ფაქტები გახშირდა თელავში. უცნობმა პირებმა ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ენერგო-ეფექტური სკამები ისევ დააზიანეს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურის ნაწილი ისეა დაზიანებული, აღდგენას აღარ ექვემდებარება. 

„დაზიანებულია ენერგო-ეფექტური სკამების ზედაპირები, Wi-Fi მიმღებები და სადენები როგორც თელავში, ისე სოფლებში. ენერგო-ეფექტური სკამები მზის ენერგიით მუშაობს. სკამები აღჭურვილია ტელეფონის დამტენით, “ლაითბოქსით”, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა, აქვს Wi-Fi მხარდაჭერა, რომლის გამოყენებაც უფასოდ შეუძლია როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელ ვიზიტორებს და დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენს მოქალაქეებში. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელი. მოსახლეობას და ვანდალური ფაქტის ჩამდენ პირებს მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისათვის, ეს არ არის სკამების დაზიანების პირველი შემთხვევა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 36 ენერგო-ეფექტური სკამია განთავსებული. ინფრასტრუქტურის მოწყობა კი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.