"ნოემბერ-დეკემბრის თუ 4 ოქტომბრის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით. არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება, ეს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა და „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს."– ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და პარტია „ახლის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

"ეს ადამიანები, ვინც ახლა რჩებიან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ, ამისთვის ყველა სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული. ვერ გეტყვით, შეწყალების მიზეზი რა არის. ევროპასთან ურთიერთობების დალაგება რომ უნდოდეთ, ისინი ყველას გამოუშვებდნენ. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძე, საბა ცხვიტარიძე და პოლიტიკური ლიდერები ტყუილად არიან ციხეში. აქედან გამომდინარე, ეს ერთეული, მცირე შემთხვევა ევროპას ან ამერიკას ვერ მისცემს იმის განცდის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ურთიერთობების დალაგება სურს. არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა