სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია

სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება - რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს - ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად. 

უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის გამოშვება მიმდინარე ფასებში წლიურად 11.5%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ასრულებდა, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობაზე მოდიოდა (4.8 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი - ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, შემცირდა გამოშვება მშენებლობის სექტორში, რაც ძირითადად საავტომობილო გზების სამუშაოების კლებას უკავშირდება. 

თავად მრეწველობის ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებისა და ძირითადი ლითონების (ძირითადად, ფეროშენადნობები) წარმოებაზე, აგრეთვე ლითონის მადნების მოპოვებაზე (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი) მოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. მსგავსი სურათი იკვეთება საგარეო ვაჭრობის მონაცემებშიც: აღნიშნული პროდუქტების წილი საქონლის ექსპორტში იანვარ-ივლისში, წინა წლის 12%-დან, 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება წლიურად თითქმის გასამმაგებულია.

თუმცა, სასაქონლო პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უფრო ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი სურათი შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, რომლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.

ამავდროულად, სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს. აგვისტოს მატების ნაწილი მონეტარული ოქროს გაძვირებამ განაპირობა, თუმცა წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდა უმთავრესად სებ-ის სავალუტო შესყიდვებს უკავშირდება

რასაკვირველია, აღსანიშნავია სასაქონლო ფასების მატების ეფექტი ინფლაციაზეც. თებერვლის შემდეგ იმპორტის ფასები ექსპორტის ფასებზე მცირედით სწრაფად გაიზარდა, რაც, ლარის გამყარების მიუხედავად, იმპორტული ინფლაციის აჩქარებაშიც აისახა. აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ წლიური ინფლაციის ზრდა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე შეზღუდულ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებზე მიუთითებდეს. იმპორტირებული ინფლაციის მთავარი წყარო, თავის მხრივ, ბენზინი და დიზელია, ხოლო შედარებით ნაკლებია სურსათის წვლილი.

9 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც აღინიშნა, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორცწინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის, რაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007702-macro-update-georgia