ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით წალკის საქმიან ეზოში გადაიტანეს.

„ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით არის აღჭურვილი. ამასთან, სატყეო რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატა, რომლებიც სამცველოებში ტყის დაცვასა და კონტროლს ახორციელებენ. გაძლიერებული მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები ხელს უწყობს ხე-ტყის უკანონო მოპოვების პრევენციას და გამოვლენას. კანონდარღვევების პრევენციისა და ტყის რესურსების დაცვის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.