თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროფესიული კარიერისთვის მომზადებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.
მათივე ცნობით, ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, თსუ პროფესორმა მერაბ ტურავამ მოაწერეს.
„მემორანდუმის ფარგლებში ინსტიტუტების მიერ განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც მოიაზრებს საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალის გამოცემაში ერთობლივ მონაწილეობას. ასევე, ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, სასამართლოში სტუდენტების ვიზიტების განხორციელებასა და მათთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგეგმება ყოველწლიური საგანმანათლებლო სკოლების ორგანიზება.
აღნიშნული მემორანდუმი გააძლიერებს ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობას სამართლის მეცნიერების განვითარების მიმართულებით. ასევე შექმნის ურთიერთთანამშრომლობის ისეთ სისტემას, რომელიც შეესაბამება იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.