წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, თეიმურაზ ჭეიშვილთან, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,,გაზრდილი ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებს მოსახლეობას ადგილზე ვაცნობ, მიმდინარე წელს წყალტუბოში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კორპუსების რეაბილიტაცია, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ქალაქის შემოსასვლელი მთლიანად განახლდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯრები, გაკეთდა ფასადები, რეაბილიტაციის სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს რომელი პრობლემის მოგვარებაა უფრო მნიშვნელოვანი და მოგვმართოს შესაბამისი განცხადებით, ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან სამუშაოების 85 პროცენტი, ხოლო დანარჩენი 15% ამხანაგობების ანგარიშიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს დაიწყება ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწყობა’’ -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, წყალტუბოსთვის უპრეცედენტო ნიშნულით- 40 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტით, მუნიციპალიტეტი, კორპუსების რეაბილიტაციას, ახალი საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, გზების რეაბილიტაციასა და სოციალურ პროგრამებს დააფინანსებს.