ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი განვითარების საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოში 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და სწავლების ხარისხის ამაღლება იყო.

კონფერენცია ბიზნესის ეროვნული აკადემიის და წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მის მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 150-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი მარი გეთიაშვილი და ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ხელმძღვანელობდნენ. კონფერენციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წარმომადგენლები, ცნობილი ტრენერები, პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლების მთავარ როლზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ. წარმატებულმა პედაგოგებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სწავლების მეთოდების, პროგრამებისა და პრაქტიკული მაგალითების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელის“ შესახებ ინფორმაცია გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, საგანმანათლებლო ფონდის - „საქართველო ემიგრანტების“ წარმომადგენელმა საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან კინწურაშვილმა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს, მარიამ ჩაჩანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა. დღესვე, „მწვანე ქალაქში“ ჩამოსული პედაგოგები წყალტუბოს მერის ხელშეწყობით წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაცია - „თეთრა მღვიმე“ დაათვალიერეს.