წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბესიკის ქუჩა N4-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და  განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 

ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით განხორციელდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად, 100%-ით დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში ძველი ლიფტების დემონტაჟი და თანამედროვე ტიპის ახალი ლიფტების მონტაჟი განხორციელდა. სამუშაოები შესრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩა N1-ში, ბესიკის ქუჩა N4-ში, თბილისის ქუჩა N1-სა და გურამიშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. 

მოსახლეობასთან შეხვედრისას გენადი ბალანჩივაძემ ყურადღება გაამახვილა ქალაქში კომუნიკაციების მოწესრიგების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება   სახურავებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები.