საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ყვითელი ბარათების გამო უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს. 

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს. 

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „უკრაინის ნაკრების ძალა კარგად ვიცით, დიდ პატივს ვცემთ როგორც გუნდს, ისე მათ მწვრთნელს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა ხვალ მოედანზე უნდა გამოავლინოს. ვიმედოვნებ, ხასიათის სიმტკიცე და მზაობა ჩვენგან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.

დამამთავრებელ ფაზაში უფრო თამამები უნდა ვიყოთ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როგორც უნგრეთთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. კარგად გვესმის, რომ სხვა შანსი აღარ გვექნება, ამიტომ ვეცდებით როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო საკითხები გამოვასწოროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ

ყოველთვის მინდა ვნახო გუნდი, რომელიც შეკრებიდან შეკრებამდე პროგრესირებს, თუმცა ეს სამომავლო თემაა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მთავარი ხვალინდელი მატჩია“.

ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ იცით კვარაცხელიას ტრავმის შესახებ — ის დიდი ხნით გამოგვაკლდება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ასევე გვაკლია ჩვენი მეორე კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შედარებით მალე დაგვიბრუნდება. მათი შეცვლა ურთულესია, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.