საელჩოს თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

„საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს. ამჟამად საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. 

როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს: დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე , რომლებსაც საქართველოში "ტროტილზე" ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ "ჰექსოგენი" შემოჰქონდათ

სუსის ინფორმაციით, "დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და, მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. პაუტინა-2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი."