ხვალ დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დინამო არენაზე გასამართ მატჩისწინა ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ გუნდის კაპიტანზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:“დიდი იმედი მაქვს, ხვიჩას ოქროს ბურთით ხელში ვიხილავთ. სხვა ფეხბურთელები ამ კამპანიაში მუდამ საკუთარ თავზე საუბრობენ, ხვიჩა კი არასდროს. აი ეს არის განსხვავება! მეამაყება, რომ მისი მწვრთნელი ვარ.” - თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„ორშაბათიდან გუნდი შეკრებილია და ვარჯიშებზე საუკეთესო განწყობაა. ტრავმების მხრივ პატარა პრობლემები გვქონდა, დაბრუნდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები, მაგრამ გუნდში ძალიან კარგი შემართებაა და საუკეთესო შედეგისთვის ვემზადებით.
ჩრდილოეთ ირლანდიის თამაშის რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და ანალიზი გაკეთებული გვაქვს. მთავარი იქნება ორთაბრძოლების მოგება. ვიცით მათი თამაშის დეტალები, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ვმუშაობთ ყველაფერზე“ - განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.