რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის მხარეს გადასვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პუტინმა კინორეჟისორ ემირ კუსტურიცასთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ უკრაინელებზე ვსაუბრობთ, მსურს, მათ ეს მოისმინონ. რაც უნდა ხდებოდეს, რა ტრაგედიებიც უნდა დატრიალდეს დღეს, აუცილებელია მომავალზე, საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრი და იმის გაცნობიერება, რომ თუ გვინდა, ვიყოთ ძლიერები, მნიშვნელოვანი და განვითარების კარგი პირობები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიყოთ. იმ გაგებით, რომ საერთო მიზნების მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ცალკე მიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს.
„არ მინდა გითხრათ, ტყვედ ჩაგვბარდით-მეთქი, რადგან ეს გარკვეულწილად დამამცირებლად ჟღერს. ისინი მაინც იბრძვიან და საკმაოდ თანმიმდევრულადაც იბრძვიან. მე მსურს ვუთხრა მათ: გადმოდით ჩვენს მხარეს, რადგან ეს ჩვენი საერთო მხარეა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, საუბარია „საერთო მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს“ გადასვლაზე.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისტორიულად, როდესაც რუსეთი ძლიერდებოდა, ჩნდებოდნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ პრინციპის, „დაყავი და იბატონე“ გამოყენებას. მისი შეფასებით, მსგავსი ვითარებაა დღესაც. პუტინის მტკიცებით, ამგვარი პოლიტიკის მიზანია „რუსეთის პოტენციალის შემცირება, მისი უფრო დამყოლ სახელმწიფოდ ქცევა და საბოლოოდ, ამა თუ იმ ფორმით, საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარება“.
„ჩვენ ეს ვიცით და გვესმის. მე ამას ვგრძნობ და ვხედავ ჩვენი საზოგადოების მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევე როგორც იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და არა უკრაინის კეთილდღეობისთვის.
„ყველაფერი, რაც ხდება, და ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს, მათ შორის რუსეთთან დღევანდელი დაპირისპირების პირობებში, მოქმედებს არა უკრაინის ინტერესებისთვის, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის, რათა ყველანი დაასუსტონ, დაყონ, შემადგენელ ნაწილებად დაშალონ და საკუთარ ნებას დაუმორჩილონ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის შეფასებით, ამ ვითარებაში ყველა ადამიანი, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებნი, გაერთიანებისკენ უნდა ისწრაფოდეს.
„თუნდაც არა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. არამედ გაერთიანებისკენ ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით“, – განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი