უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს სამართლიანი უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას ამის უფლება აქვს.

„სამართლიანია თუ არა ეს? მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სამართლიანია. ამის უფლება გვაქვს. ვუტევთ თუ არა რუსეთის დიზელის საწვავის წარმოებას? დიახ. მაგრამ ახდენს თუ არა ეს გავლენას ფასებზე აშშ-სა და მთელ მსოფლიოში? არა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიო ექსპორტში რუსეთის წილი ამჟამად დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს, რის გამოც მის გავლენას გლობალურ ბაზარზე უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგომატარებლების ფასებზე გაცილებით დიდ გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ახდენს. ზელენსკიმ ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დაასახელა.

„ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს გაცილებით დიდი გავლენა აქვს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. ამიტომ, თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფასების შემცირება, იქ ომი უნდა დასრულდეს და სრუტე გაიხსნას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს არ შეუძლიათ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ქვეყნების ლიდერებს შესაძლოა, ჰქონდეთ საკითხები, რომელთა განხილვაც ერთმანეთთან სურთ, თუმცა ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ უნდა ისხდნენ.

„რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების ლიდერებს აქვთ საკითხები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა განიხილონ. თუმცა ისინი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იქნებიან. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხები მხოლოდ უკრაინას ეხება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მხოლოდ იმ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება გაფორმდეს, რომლებიც უშუალოდ არიან კონფლიქტში ჩართული. ზელენსკის განცხადებით, მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთ ფორმატშია შესაძლებელი ეფექტიანი და საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი