ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია რეკონსტრუქციის პროექტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ და მერის მოადგილე, ზაზა ხვედელიძემ წარუდგინეს.
პროექტი 22009 კვ.მ მოსასვენებელი, გასართობი, საბავშვო და სპორტული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია ბილიკების მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება. დამონტაჟდება ლამპიონები. განახლდება კალათბურთის მოედანი. საბავშო მოედანზე განლაგდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები. სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. "კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, გამორჩეულად საყვარელი თავშეყრის ადგილია მოსახლეობისთვის. პროექტის განხილვაზე ჩვენ მოვიწვიეთ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რათა საკუთარი ხედვები და შენიშვნები წარმოედგინათ. რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ადგილი გახდება მნიშვნელოვანი სივრცე თითოეული მოქალაქისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება დროის კომფორტულად და სასიამოვნოდ გატარება." აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ