აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ავიაექსპედიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანი საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ასევე საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ჯგუფის წევრები საქართველოში 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში „საავიაციო სოფლის“ გახსნის ღონისძიებაში.
ბათუმში ვიზიტისას ავიაექსპედიციის მონაწილეებმა „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ დაათვალიერეს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროცესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარება კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღებას შესაძლებელს გახდის. აღსანიშნავია, რომ კუნძულის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ასევე საერთაშორისო მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაძლიერებაა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და „ამბასადორი აილენდის“ გენერალური დირექტორი გოჩა კამკია ესწრებოდნენ.