აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
„ყველა სტუდენტს გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გადასვლას!
დღეს თქვენს ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი, ცოდნის გაღრმავების, პიროვნული ზრდის, პროფესიული ორიენტირების და დიდი შესაძლებლობების ეტაპი. ის შრომა, მონდომება, მიზანდასახულობა და ძალისხმევა, რაც ამ შედეგებისთვის გაიღეთ, მართლაც ღირსეულად დაფასდა.
დღეს თქვენ უკვე ხართ სტუდენტები - ჩვენი ახალი ძალა, უშრეტი ენერგია და ხვალინდელი დღე! თქვენი ცოდნა, ენერგია, ინოვაციური ხედვა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის სიძლიერის და განვითარების მთავარი გარანტი. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებასა და თქვენს ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლას და წარმატებას!
განსაკუთრებულად ვულოცავ თქვენს მშობლებს, ოჯახებსა და პედაგოგებს, რომელთა უდიდესმა მხარდაჭერამ განაპირობა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.
საინტერესო და განსაკუთრებული შედეგებით სავსე სტუდენტურ წლებს გისურვებთ ყველას, გილოცავთ! “ - აღნიშნავს მთავრობის თავმჯდომარე.