აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც  აჭარის სოფლის მეურნეობისა მინისტრი და რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქობულეთს აქვს დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ისე სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის მხარდაჭერის  მნიშვნელობას.

 ,,მოგეხსენებათ, ქობულეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი. მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ოთხივე სეზონზე აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებასა და ტურიზმზე, აუცილებელია, ფერხულში მიჰყვეს ინფრასტრუქტურაც. განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება როგორც ადგილობრივი რესურსებით, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, დღეს განხილული  გეგმები სამომავლოდ აისახება ქობულეთის კეთილდღეობაზე" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთის ფიჭვნარში ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება ზრუნვა ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოზე - ულამაზეს სანაპირო ზოლსა და ზღვისპირა ინფრასტრუქტურაზე.

 პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში სამუშაოები დასკვნით ფაზაშია - 600 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ბულვარი. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი ქობულეთის სანაპირო ზოლზე ბულვარის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება კეთილმოწყობილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ მიმზიდველობას. სამუშაოებისთვის 8 335 588 ლარი დაიხარჯა.