„საერთაშორისო პარტნიორები და გადამზიდავები ჩვენს სანდოობას აფასებენ არა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული პრეზენტაციებით, არამედ რეალური ინფრასტრუქტურითა და გამტარუნარიანობით,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.
მისი თქმით, დაუშვებელია, ერთი მხრივ, ქვეყანა აცხადებდეს კონტინენტურ ამბიციებს და მეორე მხრივ, ქვეყნის საზღვრებთან წლების განმავლობაში ვერ უზრუნველვყოფდეთ ელემენტარულ სამშენებლო სტანდარტს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ისტორიულ სატრანზიტო მისიაზე, „შუა დერეფნის“ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და მზარდი ბიუჯეტის სიკეთეებზე, პარალელურად ბევრ რეგიონში არსებობს უკიდურესად მძიმე რეალობა.
ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის 30-კილომეტრიანი მონაკვეთი, მათ შორის, უშუალოდ ახალქალაქში მდებარე 3-კილომეტრიანი ზოლი, უკვე მეოთხე წელია კატასტროფულ მდგომარეობაშია.
ანალოგიურად მძიმე ვითარებაა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალ გზაზე. ეს არ არის შიდა სასოფლო გზები, ეს არის თურქეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კარიბჭე, სადაც ყოველდღიურად ათასობით სატრანზიტო ტვირთი გადაადგილდება.
როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან.
ცალკე საკითხია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები და პროტესტი, რომელიც უკვე პერმანენტულ გზების გადაკეტვასა და აქციებში გამოიხატება.
საერთაშორისო პარტნიორები და გადამზიდავები ჩვენს სანდოობას აფასებენ არა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული პრეზენტაციებით, არამედ რეალური ინფრასტრუქტურითა და გამტარუნარიანობით. დაუშვებელია, ერთი მხრივ, ვაცხადებდეთ კონტინენტურ ამბიციებს და, მეორე მხრივ, საკუთარ საზღვრებთან წლების განმავლობაში ვერ ვუზრუნველყოფდეთ ელემენტარულ სამშენებლო სტანდარტს,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.