საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პროკურატურაში უჩივლეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 22 000 კვ. ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობების გიული ალასანიასთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ქონების დაყადაღებას მოითხოვს.

"არის იმის ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, იქ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არცერთი კაპიკი არ მიუღია. მან საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა თუ არა, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია - ისტორიულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია, ეს დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია. ეს არის სპორტული მოედნები, სტადიონები, ლაბორატორიები, ეს იყო უახლესი აშენებული, სადაც ფაქტობრივად ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იმ წუთში შევიდნენ. ამისთვის, მაშინ უნივერსიტეტს გაუჩერდა ავტორიზაცია, გადადგა რექტორი, აკადემიკოსი ბატონი რამაზ ხუროძე. შემდგომ, ასევე გადადგა მეორე რექტორი არჩილ მოწონელიძე და თან ეს იყო ომის პერიოდი, როდესაც ეს ფართები იყო მიტაცებული.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და კვლავ უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება აუცილებლად იყოს დაყადაღებული, ასევე ვითხოვთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის. ასევე, ვითხოვთ, რომ ის მიღებული მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.