15 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2,2 ათასი  ტონა ყურძენია გადამუშავებული. მოსავალი 1200-მა მევენახემ დააბინავა; რთველის პროცესში 50-მდე ღვინის საწარმოა ჩართული.

„რაჭაში რთველი დასასრულისკენ მიდის; მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს რეკორდული - 2 ათას ტონაზე მეტი მოსავალი უკვე მივიღეთ. რთველს პიკურმა პერიოდმა გაიარა. მევენახეები მოსავალს შეუფერხებლად აბინავებენ. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებით ხარისხიანია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წლევანდელი მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.