ავიაკომპანია Air Canada რთულ და რეპუტაციულად უაღესად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN, აქტიურად აშუქებენ რეზონანსულ საქმეს, რომელიც ავიაკომპანიაში წოდების უკანონო მითვისებას ეხება. 

პილოტი ჯეფრი ვოლი (Geoffrey Wall) 17 წლის განმავლობაში მუშაობდა ხომალდის მეთაურად (კაპიტნად) ისე, რომ ამ პოზიციისთვის აუცილებელი ლიცენზია არ გააჩნდა. მისი წლიური ანაზღაურება კი თითქმის 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როგორც ირკვევა, ვოლი ნამდვილად ფლობდა ხაზის პილოტის ლიცენზიას, თუმცა მას არ ჰქონდა ხომალდის მეთაურისთვის საჭირო სპეციფიკური ლიცენზია (ATPL-A) და არასდროს ჩაუბარებია ამ პოზიციისთვის სავალდებულო ტესტები. მიუხედავად ამისა, მან 2009 წელს ამ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობაზე დაწინაურება მაინც მოახერხა. შედეგად, იგი თითქმის 17 წლის განმავლობაში თაღლითურად მართავდა Boeing 767, 777 და 787 ტიპის სამგზავრო ლაინერებს.
ჯეფრი ვოლი მიმდინარე წლის 1 ივნისს დააკავეს. 

მისი კვალიფიკაციის მორიგი გეგმური შემოწმებისას, რომელიც 2025 წელს (მის პენსიაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე) ჩატარდა, პილოტის ლიცენზიის დოკუმენტაციაში „ანომალიები“ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ Air Canada-მ მარეგულირებელ ორგანოებს მიმართა. დაკავებულს ამჟამად ბრალი შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი.

“ეს საქმე  ნამდვილად ფილმის სცენარს ჰგავს, - განაცხადა ონტარიოში გამართულ პრესკონფერენციაზე პილის რეგიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ, მილინოვიჩმა.

მისი თქმით, ეს დაახლოებით იგივეა, ოჯახის ექიმმა საკუთარ კაბინეტში ნეიროქირურგიული ოპერაცია რომ ჩაატაროს. პროფესიული კვალიფიკაცია დამატებით მოთხოვნებსა და რეგულაციებს ექვემდებარება და ეს უმიზეზოდ არ ხდება“.