„ბევრი, საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობას დღიდან არის პოლიტიკაში, თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს, ვერც ერთხელ ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მაინც პარტიების პირველი პირები არიან, სხვათა შორის, ესეც ქართული აბსურდია, რადგან არჩევნებს როცა აგებ, რაღაც ელემენტარული განახლებებია საჭირო. ამჟამინდელი ოპოზიცია აქტიურ პოლიტიკაშია, 14 წელია, ერთი და იგივე პარტიები და ერთი და იგივე ლიდერები მცირეოდენი განახლებებით; ახალი ხალხი შემოდის იმავე „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ ისევ ამ წარსულის ჭაობში ისვრებიან და, აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ისინი არიან ერთი და იგივე" – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
"ხან ფანჩატურში იკრიბებიან, შეკრებენ იქ ყველას, გაანაცებენ, იმათაც კი, ვინც იძახის, „ნაცები“ არ ვართო. ანუ, ერთ რაღაც გაერთიანებას ქმნიან, გადიან არჩევნებზე, არჩევნებს აგებენ და შემდეგ იშლებიან. ფანჩატურის შემდეგ „ლელოში“ გადაინაცვლეს და ასე შემდეგ. ამ შეკრება, დაშლა-არმოშლას ყოველ ჯერზე ვუყურებთ მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ პირველად დაიშალა, 2016 წელში“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, ისინი ხარჯავენ საზოგადოების ნერვებს, თვითონ კი პოლიტიკურ საშოვარზე არიან.
„ჩვენზე კარგად, ბრწყინვალედ იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ, პოლიტიკურ საშოვარზე არიან-მეთქი, რომ ვამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით სუნთქავენ. ვიცი ადამიანები, ცხოვრებაში თანამდებობაზე არ ყოფილან, არიან პოლიტიკაში და პოლიტიკოსობენ. წადი, ორ ადამიანს უხელმძღვანელე სადმე, კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურაში. სტუდენტის მერხიდან პირდაპირ მიდიან პოლიტიკაში. ეს კი არ არის დასაძრახი, მაგრამ არ შეიძლება, ადამიანები ქრონიკულად, მუდმივად იყვნენ ოპოზიციაში“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, არავის სჯერა, რომ ოპოზიციის ლიდერები წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, ბოლო წლებში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ევროპის კულუარებში დარბოდნენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ან ევროინტეგრაციის დაჩქარებას წვალობდნენ.
„ხომ ვიცით ამ დროს, რომ საპირისპიროდ იყო ეს? ბოლო ეს დარჩა ევრობიუროკრატიასაც ახლა და ამ ნაბიჯსაც თუ გადადგამენ, ესეც ხომ არ უშველით? მერე რაღას იზამენ? ყველაფერი კეთდება, როგორმე ამათ რაღაც ელექტროშოკით ჩაუტარონ რეანიმაცია და დარჩა ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, პარტიები მუდმივად ამ რეჟიმში იყვნენ, გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და ასე შემდეგ;
„თუ ერთნი ხართ, ერთი ღირებულებები გაქვთ, ერთი სცენარი გაქვთ, ერთი პატრონი გყავთ და ერთი ფინანსური წყარო გაქვთ, მაშინ დაირქვით ერთი სახელი, ხოლო თუ სხვა იდეოლოგია გაქვთ, ერთად როგორ იქნებით? მაგალითად, პარტიას ჰქვია „ფედერალისტები“, ე.ი. საუბარია რაღაც სხვა მოწყობაზე, იდეოლოგიაზე და მიდიხარ იქ, სადაც სხვა ამბავია და რისთვის მიდიხარ? 2028 წლის არჩევნებისთვის იწყებენ ახლა, დღეს მზადებას? წესით, ხომ პარტიულ სტრუქტურებს და თავიანთ ინფრასტრუქტურას უნდა ავითარებდნენ? დღეს რა გაერთიანება აქვთ?“ – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია დღეს საუბრობს სომხური წყლის გადასხმაზე და ესეც ადასტურებს, რომ მათ მაინცდამაინც გამარჯვებულის წყალზე აქვთ პრობლემა.
„არადა, იქაც იგივე ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, პრორუსულად განწყობილები არიან თუ ვინც არიან, იქაც არის იგივე, მოსახლეობა არ იღებს წარსულს, უკვე მერამდენე არჩევნებია და ვერ იგებს იქ ოპოზიცია, რომ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, საზოგადოებაში არის უარყოფითი განწყობა. კი, რაღაც ხმებს იღებენ, რაც ჩვენთანაც ასეა, მაგრამ ვერ იგებენ არჩევნებს და შემდეგ არჩევნებსაც წააგებენ ისევ ნიკოლ ფაშინიანთან, თუ არაფერი შეიცვლება. ჩვენთანაც, 2028 წელს ეს ოპოზიცია 100%-ით წააგებს არჩევნებს, რადგან ამ ოპოზიციას არ იღებს საზოგადოება, რვიანს დაირქმევენ თუ ცხრიანს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა; ვერ მიიღებენ 50%-ზე მეტს და მაგდენსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს წინა არჩევნებზე; 61 მანდატზე თქვეს უარი და და ვინ დაზიანდა? ახლა ამბობენ, შეცდომა იყოო. ეს არის“, – განაცხადა სალუქვაძემ.