აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაში 25-ზე მეტი გიდის პროფესიით დაინტერესებული პირია ჩართული.

ამჟამად, მათ ლექციები გასტრონომიის, ჩაისა და ღვინის მიმართულებით უტარდებათ. 8 ივნისს ასევე, დაგეგმილია ისტორიკოს გიორგი კალანდიას ლექცია საქართველოს ისტორიის შესახებ. გადამზადების პროგრამის ფარგლებში მომავალი გიდები შეისწავლიან ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიას, საქართველოში  განვითარებულ ტურიზმის სახეობებს, ექსკურსიათმცოდნეობას, გიდის პროფესიას, ტურის დაგეგმვას, გიდის ფსიქოლოგიას, ასევე ბათუმის განაშენიანებასა და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი
დახმარების საშუალებებს.


გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა.


დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ
ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.