პსჟ“-სა და მაროკოს ნაკრების 27 წლის ვარსკვლავი, აშრაფ ჰაკიმი, მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ მძიმე ვითარებაში. სანამ ფეხბურთელი შოტლანდიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება, საფრანგეთიდან მისთვის უმძიმესი ცნობა მოვიდა — სპორტსმენი უახლოეს თვეებში სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ვერსალის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო პალატამ საბოლოოდ დაადასტურა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჰაკიმის საქმე განსახილველად ოს-დე-სენის დეპარტამენტის სასამართლოს გადაეცემა.
ბრალდება უმძიმესია - გაუპატიურება.
როგორც ტელეკომპანია BFMTV იტყობინება, ჰაკიმი ყველანაირად ცდილობდა პროცესის თავიდან არიდებას. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშამდე და ამერიკაში გაფრენამდე, კერძოდ 13 ივნისს, ფეხბურთელი პირადად გამოცხადდა ვერსალის სასამართლოში და საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა მოსამართლემ თებერვალში მისი გასამართლების განკარგულება გასცა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეხბურთელის ადვოკატი, ფანი კოლინი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნული ვერდიქტი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, საქმეში არსებული რეალობა სრულიად სხვაგვარია.
„ნებისმიერ სხვა საქმეში, გამოძიებისა და სასამართლო მოკვლევის შედეგად გამოვლენილი უამრავი გამამართლებელი გარემოება, საქმის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. აშრაფ ჰაკიმის დაცვის მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სათანადო დასკვნები არ გაკეთდა მომჩივნის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და ტყუილების, ფაქტების დამალვისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გამო, რომლებიც მის არაადეკვატურობას ადასტურებენ.“ - განაცხადა მან