სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძესთან ერთად გაეცნო.
"სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის მესამე მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია, 2025 წლის ბოლოს გაიხსნა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მესამე მონაკვეთი სრულად შევა ექსპლუატაციაში.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12-კილომეტრიან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის, ხოლო პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
მაგისტრალური გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გაივლის", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში ფინანსდება, ხოლო პროექტის ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.