ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საერთაშორისო პარტნიორებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრაზე თამთა დევდარიანმა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ჩემი პირველი ნერგი“ წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებასა და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის ხელშეწყობას. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
საერთაშორისო პარტნიორებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შესახებ, რომლის განხორციელებაშიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მონაწილეობს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ცენტრის საერთაშორისო პროექტები და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.