29 დეკემბერს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მე-2 სართულზე ფიზიკის დიდ აუდიტორიაში იგეგმება, პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” ფარგლებში, გრანდიოზული წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ და ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ.
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა მონაწილეების შერჩევა რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გზით, 700-ზე მეტი აპლიკანტიდან შეირჩა 20 მუნიციპალიტეტში 15 მონაწილე. შემდეგ კი შერჩეულ ჯგუფებთან დაიწყო ინტენსიური ტრენინგების ციკლი სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ ჩემპიონატში ჩაერთნენ, რასაც 1000-ზე მეტი პირი დაესწრო ყველა რეგიონიდან. საბოლოოდ ყველაზე წარმატებული მოდებატეები ეროვნულ ჩემპიონატზე მოხვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე დაგეგმილია საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის: ონის, წალკის, ხარაგაულის, გორის, კასპის, წეროვნის, ხაშურის, თბილისის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ბაღდათის, ფოთის, ბათუმის, საგარეჯოს, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, თელავის, სამტრედიის ყველაზე წარმატებული მომხსენებლებისთვის საგანგებო თასების გადაცემა და პროექტის აქტიური მონაწილეების სერტიფიცირება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების მერიები, რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, სულ 300- ზე მეტი სტუმარი.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2025 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.
პროექტში სრულიად უსასყიდლოდ ჩართულები იყვნენ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. ის მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.