მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან,  შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტს, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ, "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"ლოჯისტიკის გადალაგებას შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეის და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით და ბევრმა ალბათ, არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეის და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოჯისტიკური ცენტრი," - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი და მისი შენაერთების აქ განლაგება არის ოცნება და ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნება "ისტორიული სისულელე". საყვარელიძის თქმით, ამ ნაბიჯზე ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

"საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ - წარმოების გადატანა, იქ - თავის შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე," - განაცხადა დავით საყვარელიძემ.