ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყნების დელეგატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამეცნიერო საქმიანობაა. აღნიშნული კვლევები ემსახურება მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვას, მავნე ორგანიზმების მონიტორინგს, დიაგნოსტიკასა და მათი მართვის თანამედროვე მეთოდების განვითარებას.

სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული ქართული ვაზის უნიკალური საკოლექციო ნარგაობა, სადაც თავმოყრილია მოძიებული და აღდგენილი ადგილობრივი ვაზის ჯიშები, ასევე ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. დელეგაციის წევრები ეწვივნენ ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეს და დააგემოვნეს იშვიათი და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნიმუშები.

EPPO-ს დელეგაცია საქართველოში ორგანიზაციის 64-ე რეგიონული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფება, სადაც განიხილება მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული რეგულაციების საკითხები, ასევე წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.