საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით, არარელევანტურია.
კერძოდ, მოსამართლე გამოეხმაურა სამუშიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ "ქართული ოცნების" ლოგიკას მივყვებით, მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციური გზებით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან კოალიცია იყო. გოცირიძის თქმით, მსგავსი მოსაზრებები გუშინაც გაისმა, და სარჩელში ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბარი, მოპასუხე მხარის მიერ არასწორად არის გაგებული.
"ვფიქრობ, ეს გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან და მემორანდუმი ჰქონდათ, ბრალდების ფაბულა კი არ არის, ეს მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვა არის - ბრალდება ეფუძნება ერთიანობას, ერთიანობის დამადასტურებელია და არა ცალკე აღებული ის გარემოება, რომ ეს ერთი პარტია მეორესთან თანამშრომლობს. ასე რომ, ეს არ არის რელევანტური. [კოალიციაში ყოფნა] ერთიანობის დამადასტურებლად არის მოყვანილი, მე ასე გავიგე სარჩელი, - განაცხადა ევა გოცირიძემ.