აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში, ელინისტური ხანის სამაროვანზე გამოვლენილია სარიტუალო დანიშნულების მოედნები, რომელთა შესწავლისას აღმოჩენილია ამფორების, დოქების, ჯამებისა და სხვადასხვა იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები.
აღნიშნული არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ელინისტური ხანის საზოგადოების დაკრძალვის სარიტუალურო წესების, ასევე მატერიალური კულტურის შესწავლისათვის. ამასთან, იმპორტული კერამიკის აღმოჩენა საყურადღებოა იმ პერიოდის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლის თვალსაზრისით.
კვლევა მიმდინარეობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით და წარმოადგენს ფიჭვნარის არქეოლოგიური მემკვიდრეობის სისტემატური კვლევის მნიშვნელოვან ეტაპს. ახალი არქეოლოგიური მონაცემები ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ისტორიული კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ელინისტური პერიოდის ისტორიული და კულტურული პროცესების უკეთ გააზრებას.
ექსპედიციის ხელმძღვანელი — ემზარ კახიძე. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.